ბათუმის „დინამო“ ისევ გალიდერდა - გეგუჩაძის გუნდმა მორიგი ზეიმი მოაწყო
ბათუმის „დინამო“ ისევ გალიდერდა - გეგუჩაძის გუნდმა მორიგი ზეიმი მოაწყო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის პირველი დღე ანგისას ბაზაზე გამართული შეხვედრით დასრულდა – ბათუმის „დინამომ“ „ვიტ ჯორჯია“ დამაჯერებლად დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ვითარება კიდევ ერთხელ შეცვალა.

შეხვედრა ბათუმელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. გია გეგუჩაძის გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა „ვიტ ჯორჯიას“ კარი მხოლოდ ორჯერ აიღო. ანგარიში 27-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა. 77-ე წუთზე ბენჟამენ ტაიდმა ლამაზი გოლით მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.

ბათუმის „დინამომ“ 28 ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ (27 ქულა) გაასწრო და ისევ გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა. „ვიტ ჯორჯიას“ აქტივში 11 ქულაა და მე-9 ადგილზეა. თუმცა, ხვალ კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება და ცხრილში ცვლილება აუცილებლად მოხდება: „რუსთავი“ ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში (19:00) მიიღებს, ხოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა 21:00 საათზე „მიხეილ მესხზე“ დაიწყება – გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „საბურთალო“ თბილისის „დინამოს“ შეხვდება და ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება.

დატოვე კომენტარი