ბათუმი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში მასშტაბური მულტისპორტული ასაკობრივი შეჯიბრება – საქართველოს ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.
ოლიმპიურ კომიტეტში ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდული სპორტული პროექტის პრეზენტაცია და პრესკონფერენცია გაიმართა.
აღნიშნული პროექტის მნიშვნელობის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა და სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ ისაუბრეს.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ პრეზენტაცია ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა წარადგინა.
ფინალურ ასპარეზობას 2026 წლის 2-6 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს. ეს არის ქართულ სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი მულტისპორტული შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში 14-17 წლის სპორტსმენებს (დაახლოებით 1200 სპორტსმენი) შორის, ჩვენი ქვეყნის რეგიონების ნაკრები გუნდების მონაწილეობით. ფესტივალის ფინალურ ეტაპს წინ უძღვის მუნიციპალური და რეგიონული შეჯიბრებები. მთლიანობაში, ფესტივალის სამივე ეტაპში დაახლოებით 30 ათასი სპორტსმენი გამოვა.
ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება, დახურვის ცერემონია კი – ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან.
სპორტის სახეობები:
ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა (ვაჟები), კალათბურთი 3X3 (გოგონები, ვაჟები), კრივი (ვაჟები), მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები), მინიფეხბურთი (ვაჟები), მძლეოსნობა (გოგონები, ვაჟები), მხატვრული ტანვარჯიში, ტაეკვონდო (გოგონები, ვაჟები), ფრენბურთი (გოგონები), ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები), ცურვა (გოგონები, ვაჟები), ძიუდო (შერეული გუნდური), ხელბურთი (ვაჟები).
მონაწილეები:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი
ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც ქულათა ჯამური მაჩვენებლით საუკეთესო შედეგს აჩვენებს.