„ბათუმი არენა“ პირველი საერთაშორისო მატჩის მოლოდინშია -„ტრე პენესთან“ სტადიონის საერთო ტევადობის 50%-ის შევსება დაუშვეს #1TVSPORT
„ბათუმი არენა“ პირველი საერთაშორისო მატჩის მოლოდინშია -„ტრე პენესთან“ სტადიონის საერთო ტევადობის 50%-ის შევსება დაუშვეს #1TVSPORT

15 ივლისს ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი პირველ საერთაშორისო მატჩს უმასპინძლებს – „ბათუმი არენაზე“ უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ბათუმის „დინამო“ სან მარინოს „ტრე პენეს“ მიიღებს.

ცნობილი გახდა, რომ Covid 19-ის პანდემიის გამო, ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია, ონლაინ რეჟიმში მოხდება. ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს, დილის 10:00 საათიდან biletebi.ge-ზე დაიწყო – ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

რაც მთავარია – მატჩს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაუშვეს, რაც სტადიონის საერთო ტევადობის 50%-ს გულისხმობს. ეს კი 10 ათასი მაყურებლის შეშვებას ითვალისწინებს, რაც ცოტა არ არის და დიდი ალბათობით, ბათუმელებს გულშემატკივრის მხარდაჭერა გარანტირებული ექნებათ.

უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამომ“ სან მარინოში, გასვლით შეხვედრაში „ტრე პენე“ 4:0 დაამარცხა და დიდი ალბათობით, შემდეგ წრეში გავა. მოგების შემთხვევაში, ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსის ყველაზე ცნობილ კლუბ, „ბატეს“ დაუპირისპირდება.