ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მისაღებად  მზადაა
ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მისაღებად მზადაა

საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნამდე სამი დღე რჩება. ბათუმს უკვე ეწვივნენ ფიდეს დირექტორატის წევრი ჯეფრი ბორგი და პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტი ემილ  სუტოვსკი, ორ დღეში კი საქართველოს მსოფლიოს 180 ქვეყნის ოთხიათასამდე სპორტსმენი და დელეგატი ეწვევა, რაც საჭადრაკო ოლიმპიადის ისტორიაში სარეკორდო მაჩენებელია.

ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების მისაღებად უკვე სრულადაა მოწყობილი ბათუმის ახალი, ორდარბაზიანი, მრავალფუნქციური სპორტის სასახლე და მის მიმდებარედ ახლადაშენებეული დარბაზი, სადაც ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ყინულის სასახლე დაიწყებს ფუნქციონირებას.

სპორტული ინფრასტრუქტურა დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მოინახულა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, „ბათუმი 2018“-ის თავმჯდომარე გია გიორგაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი.

ბათუმის სპორტის სასახლე საჭადრაკო პარტიებს 24 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ოლიმპიადის გახსნის გრანდიოზული საზეიმო ცერემონია 23 სექტემბერს „Black Sea Arena“-ზე გაიმართება. ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.

ოლიმპიადის ფარგლებში, 3 ოქტომბერს ჩატარდება ფიდე-ს 89-ე კონგრესი, რომელზეც აირჩევენ ორანიზაციის ახალ პრეზიდენტს.