„ბათუმი 2019“ დაიწყო - ხათუნა ჯიმშელეიშვილმა B ჯგუფი 136 კილოგრამით დაასრულა [ფოტო]
„ბათუმი 2019“ დაიწყო - ხათუნა ჯიმშელეიშვილმა B ჯგუფი 136 კილოგრამით დაასრულა [ფოტო]

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. სპორტის სასახლის ფიცარნაგზე პირველები ქალთა 49 კილოგრამი წონითი კატეგორიის B ჯგუფის სპორტსმენები ავიდნენ. მათ შორის იყო ხათუნა ჯიმშელეიშვილი, რომელმაც პირველი დისციპლინა – ატაცი 56 კილოგრამით დაიწყო და თავი წარმატებით გაართვა. მეორე ცდაზე ხათუნამ ძელს კიდევ სამი კილოგრამი დაუმატა და სიმძიმე ამჯერადაც დაძლია. ატაცის მესამე ცდაზე სამწვრთნელო შტაბმა 62 კილოგრამი შეუკვეთა და საბოლოოდ ეს მცდელობაც წარმატებული გამოდგა.

ჯიმშელეიშვილმა მეორე დისციპლინაში სამიდან ორი ცდა გამოიყენა. მან ჯერ 70 და შემდეგ 74 კილოგრამი აკრა, ბოლოს კი 77 კილოგრამი ვერ დაძლია და საბოლოოდ ორჭიდის ჯამში 136 კილოგრამი დააფიქსირა. ამ წონითი კატეგორიის A ჯგუფი დღეს 22:30-იდან დაიწყება და ჩემპიონ-პრიზიორებიც და ხათუნას საბოლოო შედეგიც ამ დროისთვის გაირკვევა.

დღესვე მედლები გათამაშდება ქალთა 45 და მამაკაცთა 55 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც, თუმცა აღნიშნულ წონებში საქართველოს წარმომადგენელი არ ეყოლება. მანამდე 13:45-ზე ტურნირის ოფიციალური გახსნა დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.