ბათუმელებმა თბილისის „დინამოსთან“ უპირატესობა გაზარდეს
ბათუმელებმა თბილისის „დინამოსთან“ უპირატესობა გაზარდეს

ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე ქუთაისის „ტორპედო“ ანგარიშით 1:2 დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლის მოსაგებად დიდი ნაბიჯი გადადგა.

გაჭირვების მიუხედავად, მიმდინარე სეზონში ქუთაისელებს გათამაშების ლიდერთან თამაში წაგებული არ ჰქონდა. „ტორპედომ“ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა ამჯერადაც კარგად დაიწყო: ანგარიში მე-13 წუთზე ზაზა ციცქიშვილმა გახსნა. მაგრამ ბათუმელებმა თამაში შესვენებამდე მაინც შემოატრიალეს: გია მანჯგალაძემ (მე-15 წუთი) წონასწორობა აღადგინა, ხოლო ჯოვინო ფლამარიონმა (41) პენალტით მასპინძელთა კარი მეორედ აიღო.

მეტოქეთა მცდელობის მიუხედავად, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (1:2) და 61 ქულით პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგეს. გათამაშების ცხრილის მეორე საფეხურზე თბილისის „დინამოა“ (58 ქულა), რომელმაც სახლში ბოლნისის „სიონთან“ ქულები დაკარგა (1:1), ხოლო მესამეზე „საბურთალოა“ (54). ქუთაისის „ტორპედომ“ (40 ქულა) კი წაგების მიუხედავად, მეოთხე ადგილი შეინარჩუნა.