ბათუმელები ნიგერიის ნაკრების ექს-მცველს უმიზნებენ
ბათუმელები ნიგერიის ნაკრების ექს-მცველს უმიზნებენ
შესაძლოა, ბათუმის „დინამომ“ ნიგერიელი ლეგიონერი დაიმატოს. გავრცელებული ცნობებით, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი მოლაპარაკებას ნიგერიის ნაკრების ყოფილ მცველ გოდფრი ობოაბონასთან აწარმოებს.
29 წლის ფეხბურთელს მდიდარი სანაკრებო გამოცდილება დაუგროვდა. ნიგერიული „სანშაინ სტარზის“ წევრი 2013 წლის აგვისტოში ლონდონის „არსენალში“ ისინჯებოდა. ნიგერიული მედიის ცნობებით, ამავე პერიოდში მას ასევე იწვევდნენ „ლილი“ (საფრანგეთი), დონეცკის „შახტარი“ (უკრაინა) და სანტანდერის „რასინგი“ (ესპანეთი). მაგრამ „სანშაინ სტარზს“ 650 ათასი ევრო თურქულ „რიზესპორმა“ გადაუხადა და მოთამაშესთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თურქეთში გოდფრი ობოაბონამ 1,8 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
გოდფრი ობოაბონა 4 წელი (2012-2016) თამაშობდა ნიგერიის ეროვნულ გუნდში, რომლის შემადგენლობაშიც 2013 წლის აფრიკის ერთა თასის გამარჯვებული გახდა, მონაწილეობდა ასევე კონფედერაციის თასზე (2013) და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. სულ ეროვნულ ნაკრებში 46 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
მაგრამ 2014 წელს, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და ამის შემდეგ ნაკრებშიც დაკარგა ადგილი და მისი კარიერა დაღმა წავიდა. 2017 წელს გოდფრი ობოაბონა საუდის არაბეთის კლუბში, ჯიდას „ალ აჰლიში“ გადავიდა. ხოლო 2018 წელს ხორვატულ „გორიცაში“ ჩაირიცხა.