„ბასკონიამ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, შენგელია კვლავ საუკეთესოა
„ბასკონიამ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, შენგელია კვლავ საუკეთესოა

საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე, ბოლო პერიოდში წარმატებულ თამაშს განაგრძობს „ბასკონია“. თორნიკე შენგელიას გუნდმა, მე-9-ე ტურში, სტუმრად ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ 85-81 დაამარცხა.

„კომბანკ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში, ქართველი ფორვარდი, ერთერთი გამორჩეული იყო. ბასკონიელთა კაპიტანმა, განსაკუთრებით მაღალ დონეზე, პირველი მეოთხედი ჩაატარა, რომელშიც, 12 ქულა მოაგროვა. საბოლოოდ, შენგალიას ანგარიშზე, 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დაფიქსირდა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (23), თოკო ორივე გუნდის რიგებში, საუკეთესო გახლდათ.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის სტუმრების უპირატესობის დაიწყო და ტაიმი მათი გამარჯვებით, 47-38 დასრულდა. მასპინძლებმა, ბოლო წუთებზე დაძაბეს მდგომარეობა და ერთ ეპიზოდში, ანგარიშის გათანაბრებაც შესძლეს, თუმცა პედრო მარტინესის გუნდმა, მაინც მოახერხა საჭირო გამარჯვების მოპოვება.

ამ წარმატების შემდეგ, „ბასკონიამ“ სატურნირო ცხრილში, მე-11-ე ადგილზე გადაინაცვლა. ესპანური გუნდი, მომდევნო ტურში, საკუთარ მოედანზე, სტამბოლის „ფენერბახჩეს“ უმასპინძლებს.

გუშინ გამართული სხვა მატჩები ასე დასრულდა:
მილანი-ოლიმპიაკოსი 85-86
ბარსელონა-მაკაბი 89-67
ბროზე-ვალენსია 83-82