საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე, 22-ე ტურის ოთხი შეხვედრა ჩატარდა. დღევანდელი დღის ცენტრალური დაპირისპირება ათენში შედგა, სადაც ადგილობრივმა „პანათინაიკოსმა“ თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ უმასპინძლა.
„ოაკას“ დარბაზში ჩატარებული მატჩი, მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და იყო ეპიზოდი, როდესაც „პაო“ 18 ქულასაც იგებდა, თუმცა სტუმრებმა თამაშის ბოლო წუთებს მცირე ინტრიგა შეუნარჩუნეს. ამის მიუხედავად, ხავიერ პასკუალეს გუნდმა მაინც მოახერხა მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება, ანგარიშით 80-76.
რაც შეეხება „ბასკონიას“ ქართველ კაპიტანს, თორნიკე შენგელია ძირითად ხუთეულში იყო და მოედანზე 24 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ლიდერმა: 15 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა გააკეთა. სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით (22) თორნიკე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ. გამარჯვებულებს კენი გებრიელმა ულიდერა 15 ქულით. ნიკ კალატესის მონაგარმა 7 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა შეადგინა.
რეგულარული სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და ამ მომენტისთვის „ბასკონია“ საპლეიოფო ზონაში არ იმყოფება. ვიტორიელები ჯერ მე-9 ადგილზე იმყოფებიან და საუკეთესო რვაში მოსახვედრად დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალური მობილიზება მართებთ. 23-ე ტურში პედრო მარეტინესის გუნდი გათამაშების ლიდერს, „ცსკა“-ს მოსკოვში დაუპირისპირდება.