„ბასკონია“ საკუთარ მოედანზე „ფენერბახჩესთან“ დამარცხდა
„ბასკონია“ საკუთარ მოედანზე „ფენერბახჩესთან“ დამარცხდა

საკალათბურთო „ევროლიგის“ მეათე ტურში, საკუთარ მოედანზე თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ წააგო. ესპანურმა კლუბმა ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან სტაბოლისფენერბახჩესთან“ განიცადა მარცხი, ანგარიშით 69-83.

მასპინძელთა ქართველმა კაპიტანმა, მოედანზე 17 წუთი დაჰყო და გუნდს 13 ქულა შესძინა. მესამე მეოთხედში, შენგელიასა და იან ვესელს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც, ქართველ ფორვარდს მოედნის დატოვება ვადაზე ადრე მოუწია.

შეხვედრაში გადამწყვეტი, მეორე და მესამე მეოთხედები გამოდგა, რომლებშიც სტუმრებმა დიდი ჰანდიკაპი აიღეს და მეტოქეს მიახლოების საშუალება აღარ მისცეს.

„ფენერბახჩე“ ტრადიციულად გუნდური კალათბურთით გამოირჩა. სტამბოლელთა შორის ექვსმა კალათბურთელმა მოაგროვა ათი და მეტი ქულა. საუკეთესო სტატისტიკა, ჯეიმს ნანელიმ დააფიქსირა, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.

კოსტას სლუკასის ანგარიშზე 14 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემაა. ამ გამარჯვების შემდეგ ჟელიკო ობრადოვიჩის გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა. „ბასკონია“ კი ამ ეტაპზე მე-11-ე პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო ტურში პედრო მარტინესის გუნდი საკუთარ მოედანზე გიორგი შერმადინის „უნიკახას“ მიიღებს.

დღევანდელი ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ხიმკი-ბროზე 82-73

ეფესი-მილანი 73-68

მაკაბი-ჟალგირისი 81-74

ვალენსია-ოლიმპიაკოსი 64-72.