ბასილაშვილმა ზედიზედ მეხუთედ წააგო და ჰამბურგის ტიტული ვერ დაიცვა
ბასილაშვილმა ზედიზედ მეხუთედ წააგო და ჰამბურგის ტიტული ვერ დაიცვა

„დიდი სლემის“ ტურნირის როლან გაროსის წინ, ჩოგბურთელები ბოლო რეპეტიციას ჰამბურგში გადიან, სადაც ATP500 კატეგორიის ტურნირი ჩატარდება. გერმანიის ამ ქალაქში ბოლო ორი გათამაშება 2018 და 2019 წელს ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო, ასე რომ, ჰამბურგში მას ტიტულის დაცვა უწევდა.

წილისყრამ ბასილაშვილს პირველ მეტოქედ ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი არგუნა, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმას აჩვენებს. მან ცინცინატის „მასტერსზე“ რუსი დანიილ მედვედევი დაამარცხა და ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც სეტი მოუგო ნოვაკ ჯოკოვიჩს, აშშ-ის ღიაზე კი ორი წრე გაიარა და მესამე რაუნდში ხუთ სეტში დამარცხდა კანადელ ვასეკ პოსპიშილთან.

ბასილაშვილი 2020 წელს წარუმატებლად გამოდის. ჰამბურგამდე ATP-ის დონეზე მან 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამი მოიგო, აგრეთვე ოთხმატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა.

ბასილაშვილი და ბაუტისტა აგუტი პროფესიულ ტურში მეოთხედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათ პირველ მატჩში 2015 წელს, უიმბლდონის მეორე წრეში ესპანელმა სამ სეტში მოიგო (7:6, 6:0, 6:1), 2017 წელს, მონტე კარლოს „მასტერსზე“ ისევ ბაუტისტამ გაიმარჯვა (1:6, 6:3, 7:5) და მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო ქართველმა ესპანელის ძლევა ეს მოხდა 2019 წელს დუბაიში (6:7, 6:4, 6:3).

სამწუხაროდ, ბასილაშვილის წარუმატებელი სერია გაგრძელდა. ქართველი მხოლოდ ეპიზოდებში ახერხებდა ესპანელისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მაგალითად, პირველ სეტში შეძლო უკუბრეიკის აღება და ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ პარტიის ბოლოს ბრეიკი მისცა მეტოქეს და დათმო სეტი. სხვათა შორის, საწყის პარტიაში ბასილაშვილს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ვიდრე მის მეტოქეს, მაგრამ ესპანელმა უკეთესი რეალიზაცია აჩვენა – ორიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ნიკამ – სამიდან ერთი.

მეორე პარტია ბასილაშვილის ბრეიკით დაიწყო, ბაუტისტამ ამას ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით უპასუხა, რის შემდეგაც, ქართველს მატჩის გადარჩენის შანსი აღარ მისცემია. 6:4, 6:3 – ბაუტისტა აგუტის სასარგებლოდ. მატჩი საათი და 26 წუთი გრძელდებოდა.

ბასილაშვილის შემდეგი ტურნირი როლან გაროსი იქნება, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყება.