ბასილაშვილმა წყვილებში როლან გაროსის ჩემპიონსა და უიმბლდონის ფინალისტს მოუგო
ბასილაშვილმა წყვილებში როლან გაროსის ჩემპიონსა და უიმბლდონის ფინალისტს მოუგო

დუბიაის ტურნირზე ერთეულებში პირველი წრის მატჩის მოგების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში ბასილაშვილმა კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას წყვილების ტურნირის პირველ რაუნდში მიაღწია. მან და ავსტრალიელმა მეტიუ ებდენმა მეორე ნომრად განთესილ მაიკლ ვინუსსა (ახალი ზელანდია) და რავენ კლაასენს (სამხრეთ აფრიკა) ანგარიშით – 7:6(4), 3:6, 10:3 მოუგეს.

პირველ სეტში ბრეიკ-პოინტები მხოლოდ ქართულ – ავსტრალიურ დუეტს ჰქონდა, მაგრამ ბრეიკი არ შედგა, სამაგიეროდ, ტაი-ბრეიკზე ბასილაშვილი და ებდენი მუდმივად წინ იყვნენ და პირველი სეტი აიღეს.
მეორე პარტიაში მათ სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენეს, შემდეგ მატჩში ერთადერთხელ ჩააგდეს საკუთარი მოწოდება და სეტებში ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, ბოლო სეტში ბასილაშვილი და ებდენი დომინირებდნენ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო წყვილს სრულად დამსახურებულად მოუგეს.

ქართველისა და ავსტრალიელის მოგების მნიშვნელობაზე ის ლაპარაკობს, რომ კლაასენისა და ვი​ნუსის წყვილი, შარშან, უიმბლდონის ფინალში იყო და იქ ძმებ ბრაიანებთან დამარცხდა. ვინუსს კი რაიან ჰარისონთან ერთად 2017 წელს „როლან გაროსი“ აქვს მოგებული.

ბასილაშვილისა და ებდენის მეტოქე მეოთხედფინალში მელცერი/ჟიმონჟიჩისა და როჯერი/ტეკაუს წვილებს შორის მატჩში გაირკვევა.

დღის პირველ ნახევარში, ერთეულთა ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მსოფლიოს მე-12 ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვი ანგარიშით – 6:4, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა სულ რაღაც საათსა და 13 წუთს გაგრძელდა.