ბასილაშვილმა ვენაში გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა
ბასილაშვილმა ვენაში გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ATP500 კატეგორიის ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიოს 26-ე ჩოგანმა საათსა და 39 წუთში დათმო პირველი წრის მატჩი ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან (მე-40 ჩოგანი) – 6:4, 2:6, 1:6.

შეგახსენებთ, რომ ამ ჩოგბურთელები მანამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ. შარშან, პეკინის ტურნირზე ბასილაშვილმა მერვედფინალში ესპანელს ორ სეტში მოუგო, შემდეგ კი ტიტულიც მოიპოვა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი მაღალ დონეზე წარმართა. ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარ გეიმებში მხოლოდ ხუთი ქულა წააგო, პირველ მოწოდებაზე კი სულ რაღაც ერთი ქულა დათმო. საკუთარ მოწოდებაზე ცუდად არც ვერდასკო თამაშობდა, მაგრამ მეცხრე გეიმში მაინც მისცა ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მეტოქეს, რომელიც ბასილაშვილმა გამოიყენა, რის შემდეგაც, ქართველმა სეტზე ჩააწოდა.

მეორე სეტის სტარტზეც ნიკა ფლობდა უპირატესობას და მეტოქის პირველ ორ გეიმში სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენა.  ამის შემდეგ, ვერდასკომ მკვეთრად მოუმატა თამაშს – საკუთარ გეიმებში არც ერთი ქულა აღარ დათმო, მეოთხე და მერვე გეიმებში კი თითო ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

ბასილაშვილმა ვერც მესამე სეტში შეძლო ინიციატივის დაბრუნება, ისევ ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება და ვენის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. ქართველმა ავსტრიის დედაქალაქში შარშანდელი შედეგი გაიმეორა, შესაბამისად, რეიტინგში ქულები არ დააკლდება.

აღსანიშნავია, რომ მესამე სეტში ვერდასკომ საკუთარ გეიმებში მხოლოდ ორი ქულა დათმო.