ბასილაშვილმა პარიზის მასტერსი იოლი მოგებით დაიწყო
ბასილაშვილმა პარიზის მასტერსი იოლი მოგებით დაიწყო

მსოფლიოს 22-ე ჩოგანი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, პარიზის მასტერსის მეორე წრეში გავიდა. მან ერთი სეტი მოუგო ავსტრალიელ ჯონ მილმენს, რომელმაც ტრავმა მოიმიზეზა და მეორე სეტის სათამაშოდ კორტზე აღარ გასულა.

წელს, 29 წლის ჯონ მილმენი აშშ-ის ღია პირველობის გმირი გახდა, როცა მერვედფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა. თუმცა, ამის შემდეგ, სამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო.

პირველ სეტში ბასილაშვილის მცირე უპირატესობა იგრძნობოდა. ქართველმა ბრეიკით დაიწყო, მაგრამ მილმენმა მეოთხე გეიმში დაკარგული მოწოდება დაიბრუნა. სეტის ბედი მეშვიდე გეიმში გადაწყდა, როცა ნიკამ მეხუთე ცდაზე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ისევ წინ გავიდა. ამჯერად, ქართველმა უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და პირველი სეტი – 6:4 მოიგო.

ბასილაშვილის მეტოქე მეორე წრეში სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი იქნება, რომელიც პირველ წრეში ისვენებდა. შეგახსენებთ, რომ ეს ჩოგბურთელები გასულ კვირას, ავსტრიაში შეხვდნენ ერთმანეთს და ანდერსონმა სამ სეტში მოიგო.