ბასილაშვილმა მარეისთან ოთხ სეტში წააგო #1TVSPORT
ბასილაშვილმა მარეისთან ოთხ სეტში წააგო #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო უიმბლდონის პირველი წრის დაძლევა. ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხ სეტში წააგო მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან, ბრიტანელ ენდი მარეისთან – 4:6, 3:6, 7:5, 3:6. მატჩი სამი საათი და 16 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკპოინტი მარეის ჰქონდა და მეათე გეიმში ეს შანსი გამოიყენა. მეორე სეტში ბასილაშვილმა ზედიზედ ორ გეიმში მიიღო ბრეიკპოინტი, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდა. ამის შემდეგ, მარეიმ მერვე გეიმში ბრეიკი შეასრულა და სეტებში 2:0 დაწინაურდა.

მესამე პარტიაში ბასილაშვილმა ნამდვილი სასწაული მოახდინა. პირველი ხუთი გეიმი მან ზედიზედ წააგო, აქედან სამჯერ საკუთარ მოწოდებაზე. და ამის შემდეგ, ქართველმა ზედიზედ შვიდი გეიმის აღება შეძლო, თან მეცხრე გეიმში ორი მატჩბოლი მოიგერია.

მეოთხე სეტის სტარტზე მარეიმ ორი ბრეიკი შეასრულა, რასაც ბასილაშვილმა ერთი უკუბრეიკით უპასუხა. ქართველმა მეტის გაკეთება ვერ შეძლო, პირიქით, კიდევ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება და ამით მატჩი დასრულდა.

მარეიმ 17 ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 72 პროცენტი მოიგო, 14 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და რვა გამოიყენა. ბასლაშვილს 10 ბრეიკპოინტი და ხუთი ბრეიკი ჰქონდა.