ბასილაშვილმა ლეიტონ ჰიუიტის ვაჟი დაამარცხა და ავსტრალიის ღია კვალიფიკაციის II წრეში გავიდა #1TVSPORT
მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. მამაკაცთა ბადეში პირველი მატჩი ჩაატარა ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. რეიტინგის TOP 20-ის ყოფილი ჩოგბურთელი, რომელიც ახლა კლასიფიკაციის 210-ე ნომერია, 16 წლის ავსტრალიელ კრუზ ჰიუიტს ხვდებოდა. ის ლეგენდარული ავსტრალიელი ჩოგბურთელის, ლეიტონ ჰიუიტის ვაჟი გახლავთ და 1263-ე ადგილს იკავებს რეიტინგში.
მასპინძელმა ვერ გაუწია დიდი წინააღმდეგობა ქართველ ჩოგბურთელს. საათსა და 14 წუთში ბასილაშვილმა 6:1, 6:4 მოიგო. მან შვიდი ეისი ჩააწოდა და სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა, 12-დან ოთხი ბრეიკპოინტი გამოიყენა და მეტოქის სამიდან ორი ბრეიკპოინტი მოიგერია.
ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში გასასვლელად ბასილაშვილს კიდევ ორი მატჩის მოგება სჭირდება. კვალიფიკაციის მეორე წრეში ქართველი ნეიტრალურ ჩოგბურთელს, ალიბეკ კაჩმაზოვს შეხვდება, რომელიც რეიტინგის 197-ე ნომერია.