ბასილაშვილმა ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალში დიდი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სამ სეტში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო ინდიან უელსის „მასტერსის“ მოგება. მან ფინალში პირველ სეტი მოიგო და მეორეს ბრეიკით იგებდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ გაძლო და ტიტული ბრიტანელ კემერონ ნორის დაუთმო.

ჩოგბურთელებმა, რომლებიც პირველად თამაშობდნენ „მასტერსის“ ფინალში, უკვე მატჩამდე დაწერეს ისტორია – ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა „მასტერსის“ სერიის ტურნირის ფინალში რეიტინგის TOP 25-ის მიღმა მყოფი ჩოგბურთელები ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ბასილაშვილი და ნორი მეორედ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, მათი პირველი შეხვედრა წელს, როტერდამის ტურნირზე ბრიტანელმა იოლად მოიგო – ორ სეტში მხოლოდ სამი გეიმი მისცა ბასილაშვილს, ერთი სეტი კი „მშრალი“ ანგარიშით აიღო.

ამჯერად, ყველაფერი სხვა სცენარით განვითარდა. პირველ სეტში ბასილაშვილი ძალიან კარგად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე, მაგრამ ერთი ჩავარდნა მაინც ჰქონდა – მესამე გეიმში მეტოქეს ბრეიკის აღების საშუალება მისცა. ნორი ანგარიშით 3:1 გავიდა წინ და აქ შეძლო ქართველმა ჩოგბურთელმა თამაშში გარდატეხა – თავის სამ გეიმში მხოლოდ ერთი ქულა დათმო, ორი ბრეიკი გააკეთა და ზედიზედ ხუთი გეიმის აღებით, პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში ბასილაშვილი ძალიან მიუახლოვდა ტიტულს – მესამე სეტში ბრეიკით დაწინაურდა და თუ ყველა თავის გეიმს შეინარჩუნებდა, მოგება მისი იქნებოდა. მაგრამ ნორიმ უკვე მომდევნო გეიმში შეასრულა უკუბრეიკი, შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა მეექვსე გეიმში, მეათეში კი ნიკას მოწოდება „მშრალი“ ანგარიშით მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

ბრიტანელი ფლობდა ინიციატივას და მესამე სეტში ბრეიკით წაიყვანა ანგარიში – 2:0. ბასილაშვილს უკუბრეიკის შესანიშნავი შანსი მესამე გეიმში ჰქონდა, როცა 40:0-ზე სამმაგი ბრეიკპოინტი მოიპოვა, თუმცა ნორიმ გადაარჩინა ეს გეიმი, შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო ბასილაშვილის მოწოდება და მესამე სეტი იოლად მოიგო. 3:6, 6:4, 6:1 ორი საათი და 51 წუთის ბრძოლის შემდეგ, და ბრიტანელმა კარიერაში პირველი „მასტერსი“ დაისაკუთრა.

მატჩის სტატისტიკის მიხედვით, ეს იყო ამ ტურნირზე ბასილაშვილის ყველაზე სუსტი თამაში. პირველი მოწოდებით, ქულების მხოლოდ 56 პროცენტი აიღო – 45 გათამაშებიდან 25 მოიგო (ნორის ეს მაჩვენებელი 77 პროცენტი ჰქონდა). ნიკამ 23 „ვინერსი“ დააგროვა, მაგრამ თითქმის ორჯერ მეტი უნებლიე შეცდომა დაუშვა – 44. ქართველმა ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და სამი გამოიყენა, ნორიმ – რვიდან ხუთი.

ინდიან უელსის ფინალში გასვლით, ბასილაშვილმა რეიტინგში ცხრა ადგილი მოიგო და 27-ე ადგილზე გადავიდა.