ბასილაშვილმა დუბაის პირველი წრე გადალახა
ბასილაშვილმა დუბაის პირველი წრე გადალახა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა  დუბაიში ATP500 კატეგორიის ტურნირი მოგებით დაიწყო. პირველ წრეში მან ორ საათსა და 59 წუთში მოუგო ლიეტუველ რიკარდას ბერანკისს – 5:7, 7:6(2), 6:3.

პირველმა სეტმა ურთულეს ბრძოლაში ჩაიარა. ბასილაშვილი ახლოს მივიდა მოგებასთან, როცა მეექვსე გეიმში ბრეიკი შეასრულა და 4:2 დაწინაურდა. მაგრამ, ამის შემდეგ, ქართველის თამაშში სერიოზული ჩავარდნა იყო – ნიკამ ზედიზედ სამი გეიმი წააგო, აქედან ორი – საკუთარ მოწოდებაზე და ბერანკისმა 5:4-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. თუმცა, ლიეტუველმა ეს ვერ მოახერხა – ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ იქვე ისევ წააგო საკუთარი მოწოდება და მისმა მეტოქემ 6:5-ზე მეორედ სცადა სეტზე ჩაწოდება. ამჯერად, ბერანკისმა ეს მოახერხა, თუმცა, ამისთვის ხუთი სეტბოლი დასჭირდა.

მეორე პარტია ბასილაშვილის გეიმში დიდი ბრძოლით დაიწყო. ბერანკისმა ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები იოლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს, თუმცა, სეტის ბოლოსკენ ისევ გაჩნდა ბრეიკ-პოინტები: ჯერ ბასილაშვილმა ვერ გამოიყენა ერთი შანსი მერვე გეიმში, შემდეგ ბერანკისმა გაანიავა ორი შესაძლებლობა მეცხრე გეიმში. საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ბასილაშვილი 3:0 დაწინაურდა, 3:2-დან კი ზედიზედ ოთხი ქულის აღება შეძლო.

საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება, რომელიც ბასილაშვილისთვის კარგად დაიწყო – ქართველმა პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. ასე რომ, საკუთარი გეიმების შენარჩუნების შემთხვევაში, ნიკას მერვედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებდა. ბასილაშვილმა შეძლო ამის გაკეთება და უფრო მეტიც – სეტის ბოლოს კიდევ ერთხელ მოახერხა მეტოქის მოწოდების აღება.

ბასილაშვილის მოწინააღმდეგე მეორე წრეში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტისა და გერმანელი იან-ლენარდ შტრუფის მატჩში გაირკვევა.

დატოვე კომენტარი