ბასილაშვილმა ცხრა საკუთარი გეიმი დათმო, მატჩბოლი ვერ გამოიყენა და მსოფლიოს 119-ე ჩოგანთან წააგო #1TVSPORT
ბასილაშვილმა ცხრა საკუთარი გეიმი დათმო, მატჩბოლი ვერ გამოიყენა და მსოფლიოს 119-ე ჩოგანთან წააგო #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალიდან ჩაება ბელგრადის ტურნირში და პირველივე მატჩის შემდეგ გამოეთიშა ბრძოლას. მან მოულოდნელად დათმო შეხვედრა სლოვაკ ანდრჟეი მარტინთან, რომელიც კლასიფიკაციაში 119-ე ნომერია – 1:6, 6:4, 6:7(4). მატჩის ხანგრძლივობა იყო – 2 საათი და 31 წუთი.

ბასილაშვილმა შეხვედრა ზედიზედ ხუთი საკუთარი გეიმის წაგებით დაიწყო. პირველი სეტი ქართველმა პირწმინდად დათმო – ვერც ერთი საკუთარი გეიმი ვერ აიღო და თავის მოწოდებაზე მხოლოდ ოთხი ქულის მოგება შეძლო.

თამაშში გარდატეხა ბასილაშვილმა მაშინ მოახერხა, როცა ბრეიკით 1:3-ს აგებდა. მან დაალაგა თამაში საკუთარ მოწოდებაზე, ორი ბრეიკი გააკეთა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტმა ურთულეს ბრძოლაში ჩაიარა. ბასილაშვილს ისევ არაფერი გამოსდიოდა თავის მოწოდებაზე – მარტინმა ზედიზედ ოთხი ბრეიკი შეასრულა და იგებდა 3:0-ს, 4:1-ს, 5:2-ს. მიუხედავად ამისა, ქართველმა თავად შეძლო ოთხი უკუბრეიკის გაკეთება, ორჯერ მატჩზე არ ჩააწოდებინა მეტოქეს, ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და 6:5 დაწინაურდა. მე-12 გეიმში ბასილაშვილს მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა.

მე-13 გეიმი ბასილაშვილმა ზედიზედ სამი ქულის წაგებით დაიწყო, შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, ისევ ჩამორჩა, მარტინმა ორმაგი მატჩბოლი მიიღო და პირველივე შანსი გამოიყენა, რითაც დრამატული მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

საბოლოოდ, ბასილაშვილს მოწოდებაზე ძალიან ცუდი სტატისტიკა ჰქონდა: ნული ეისი, 12 ორმაგი შეცდომა, პირველი მოწოდების 41 პროცენტი სიზუსტე, პირველ მოწოდებაზე მოგებული ქულების 55 პროცენტი (21/38), მეორეთი – 36 პროცენტი (20/55). მარტინმა 13-დან ცხრა ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ბასილაშვილმა – 18-დან რვა.

ბელგრადის ტურნირი ბოლო რეპეტიცია იყო ბასილაშვილისთვის როლან გაროსის წინ, რომელიც მომავალ კვირას დაიწყება. იქ ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში განთესილებს შორის იქნება.