ბასილაშვილმა ბალახის სეზონში პირველი მატჩი მოიგო და შტუტგარტის ტურნირის მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
ბასილაშვილმა ბალახის სეზონში პირველი მატჩი მოიგო და შტუტგარტის ტურნირის მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბალახის სეზონისთვის მზადება დაიწყო. შტუტგარტის ATP250 კატეგორიის ტურნირზე მსოფლის 31-ე ჩოგანმა ორ სეტში დაამარცხა რეიტინგის 303-ე ნომერი, გერმანელი დასტინ ბრაუნი – 6:3, 7:6(4). შეხვედრა საათი და 23 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილმა შეხვედრა ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით დაიწყო. ამის შემდეგ, ქართველი ოდნავ მოდუნდა, მაგრამ ბრაუნმა მხოლოდ ერთი უკუბრეიკი შეასრულა და პარტია ვერ გადაარჩინა.

მეორე სეტმა უბრეიკოდ ჩაიარა. ბასილაშვილი ორჯერ გადარჩა, როცა ორი სეტბოლის მოგერიება მოუწია. საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომლის ბედი ერთადერთმა მინი-ბრეიკმა გადაწყვიტა. ის ბასილაშვილმა შეასრულა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩი იქნება.

ბასილაშვილი შტუტგარტში მეხუთე ნომრად არის განთესილი. ასევე განთესილებს შორის არიან: შაპოვალოვი (1), ჰურკაში (2), ოჟე-ალიასიმი (3), დე მინორი (4), უმბერი (6), მანარინო (7), მილმენი (8).