ბასილაშვილმა ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ჰალეს ტურნირის მეორე წრეში გავიდა #1TVSPORT
ბასილაშვილმა ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ჰალეს ტურნირის მეორე წრეში გავიდა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონისთვის მზადების ციკლში მეორე ტურნირში ჩაება. გერმანიის ქალაქ ჰალეში მან პირველ წრეში დაამარცხა ATP-ის TOP10-ის წარმომადგენელი, მსოფლიოს მერვე ჩოგანი, რუსი ანდრეი რუბლიოვი – 7:6(1), 6:4 საათი და 26 წუთი ბრძოლის შემდეგ.

პირველი სეტი ბასილაშვილმა წარუმატებლად დაიწყო და პირველივე გეიმში წააგო საკუთარი მოწოდება, მაგრამ 1:2-დან ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და ბრეიკით დაწინაურდა. 5:4-ზე ქართველმა სეტბოლი ვერ გამოიყენა და მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება მისცა, რის გამოც ჩოგბურთელებს ტაი-ბრეიკის ჩატარება მოუწიათ. მე-13 გეიმში ბასილაშვილს სრული უპირატესობა ჰქონდა, 6:0 დაწინაურდა და მესამე სეტბოლზე მოიგო პარტია.

მეორე სეტში ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და თავის გეიმებში მხოლოდ ხუთი ქულა დათმო. ქართველმა ორი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და მეხუთე გეიმში მოპოვებული ბრეიკით საბოლოო უპირატესობა მოიპოვა.

მეორე წრეში ბასილაშვილი გერმანელ ოსკარ ოტესა და სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს შორის მოგებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბასილაშვილმა ასევე ბალახის კორტებზე ითამაშა შტუტგარტის ტურნირზე და იქ მეორე წრეში სამ სეტში წააგო ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან.