ბასილაშვილის მეტოქე შტუტგარტის ჩემპიონი გახდა
ბასილაშვილის მეტოქე შტუტგარტის ჩემპიონი გახდა

შტუტგარტში საჩოგბურთო ტურნირი – „მერსედესის თასი“ დასრულდა, რომლის ფინალშიც იტალიელი მატეო ბერეტინი და კანადელი თინეიჯერი ფელიქს ოჟე-ალიასიმი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ურთულეს ბრძოლაში ბერეტინიმ ორ სეტში მოიგო – 6:4, 7:6(11).

პირველ სეტში იტალიელმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო და შანსი გამოიყენა. მეორე სეტში ხუთი ბრეიკ-პოინტი „გაანიავა“ და ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა საქმე. ოჟე-ალიასიმს არცერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია მთელი მატჩის განმავლობაში.

მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე კანადელი ძალიან ახლოს იყო მიზანთან – მან ხუთი სეტბოლი მიიღო, ბერეტინიმ ხუთივეჯერ გადაარჩინა პარტია და თავად მესამე მატჩბოლზე მოიპოვა გამარჯვება. ამ ტრიუმფით იტალიელმა რვა ადგილი მოიგო კლასიფიკაციაში და ორშაბათიდან მსოფლიოს 22-ე ჩოგანი გახდა.

ახლა, ბერეტინი ქალაქ ჰალეში გადაინაცვლებს სათამაშოდ. გერმანული ტურნირის პირველ წრეში მისი მეტოქე მეექვსე ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება.

ბასილაშვილმა და ბერეტინიმ პროფესიულ ტურში ორჯერ ითამაშეს ერთმანეთში და ანგარიში თანაბარია – 1:1. ორივე შეხვედრა შარშან შედგა: გრუნტზე 7:6(2), 6:4 ბასილაშვილმა მოიგო, ჰარდზე იტალიელმა გაიმარჯვა – 7:5, 6:3.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გასულ კვირას შტუტგარტის ბალახის ტურნირზე ითამაშა და პირველივე შეხვედრაში სამ სეტში წააგო უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ამ მატჩში სამი მატჩბოლი ვერ გამოიყენა.

ბასილაშვილისა და ბერეტინის შეხვედრა სამშაბათს გაიმართება.