ბასილაშვილის მეორე მეტოქე უკვე ცნობილია
ბასილაშვილის მეორე მეტოქე უკვე ცნობილია

ოთხშაბათს, ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე იწყება. ერთ-ერთი ჩოგბურთელი, რომელიც მესამე სათამაშო დღეს გახსნის, ნიკოლოზ ბასილაშვილია. ქართველი ჩოგბურთელი მესამე წრეში გადასასვლელად იტალიელ სტეფანო ტრავალიას შეხვდება.

ისევე, როგორც პირველ წრეში, ბასილაშვილის მეტოქე ახლაც კვალიფიკაციაგავლილი ჩოგბურთელია. ტრავალიამ ძირითად ბადემდე სამ მეტოქეს მოუგო – ანდრეი მარტინს, გო სოედასა და კიმერ კოპეიანსს, პირველ წრეში კი ოთხ სეტში დაამარცხა არგენტინელი გვიდო ანდრეოცი – 6:7(3), 6:2, 6:3, 6:2.

ტრავალია 27 წლისაა. აქამდე, მას „დიდი სლემის“ ტურნირზე ერთადერთი მატჩი ჰქონდა მოგებული – 2017 წელს, აშშ-ის ღია პირველობის პირველ წრეში, თანამემამულე ფაბიო ფონინის მოუგო, მაგრამ მეორე წრეში დამარცხდა სერბ ვიქტორ ტროიცკისთან.

ტრავალიას მთავარი იარაღი მოწოდებაა. ანდრეოცისთან პირველი წრის მატჩში მის ანგარიშზე 23 ეისი იყო.
ბასილაშვილი და ტრავალია არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში.

ქართველისა და იტალიელის მატჩი დილის ოთხ საათზე დაიწყება.