ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა #1TVSPORT
ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირზე მეორე წრეში განცდილი მარცხის შემდეგ როტერდამის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიდერლანდელი მეტოქე, მაქს ჰოქსი ორ სეტში (6:4, 6:4) დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ქართველ ჩოგბურთელს ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა უწევს, რაც საერთო რეიტინგში მისმა პოზიციამ განაპირობა.

მატჩი ბასილაშვილმა მარტივად მოიგო. პირველ სეტში მეტოქეებმა მესამე და მეოთხე გეიმში ერთმანეთის ჩაწოდებები აიღეს, მაგრამ ქართველმა კვლავ მოახერხა ბრეიკის შესრულება და საბოლოო ჯამში, პარტიებში მარტივად დაწინაურდა. მეორე სეტი შედარებით უფრო დაძაბული გამოდგა, რადგან ჰოქსი 3:0-ს იგებდა, მაგრამ ნიკოლოზმა მეტოქეს ორი ბრეიკი გაუკეთა, თავის ჩაწოდებაზე ყველა გეიმი მოიგო და საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა.

მომდევნო მატჩში ბასილაშვილი ფრანგ კონსტა ლესტიენსა და გერმანელ მაქსიმილიან მარტერერს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 30 წლის ჩოგბურთელს ძირითად ბადეში გასასვლელად ერთი მოგება სჭირდება.