ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით გადალახა მეორე ბარიერი რომის „მასტერსზე“ – ორ სეტში მოუგო სერბ ლასლო ჯერეს – 7:5, 6:4. შეხვედრა საათი და 28 წუთი გაგრძელდა.
ბასილაშვილს სერიოზული მეტოქე ჰყავდა სერბი ჩოგბურთელის სახით. ჯერემ ამ სეზონში გრუნტის ტურნირი მოიგო რიო დე ჟანეიროში; სან პაულუს ტურნირზე ნახევარფინალში გააღწია, გასულ კვირას კი მადრიდის „მასტერსზე“ არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა. ცოტა ხნის წინ, ბუდაპეშტის ტურნირის მეოთხედფინალში ჯერემ შეძლო ბასილაშვილის დამარცხება. ამიტომაც, მატჩის წინ ბუკმეიკერების ფავორიტად სწორედ სერბი მიიჩნეოდა.
პირველ სეტში ჩოგბურთელებს არ მისდიოდათ თამაში საკუთარ მოწოდებაზე. პარტიის პირველ ნაწილში ზედიზედ ოთხი ბრეიკი დაფიქსირდა – ბასილაშვილი ორჯერ გავიდა წინ და ჯერემ ორივეჯერ შეასრულა უკუბრეიკი. ამის შემდეგ, ორივემ გამოასწორა მოწოდება და თითქოს ტაი-ბრეიკი ახლოვდებოდა, მაგრამ ბასილაშვილმა მე-11 გეიმში მესამე ბრეიკი შეასრულა და შემდეგ სეტზეც ჩააწოდა.
მეორე პარტიაში მეტოქეები უფრო დამაჯერებლად ათამაშდნენ საკუთარ მოწოდებაზე. განსაკუთრებით ეს ბასილაშვილზე ითქმის, რომელიც ბრეიკ-პოინტამდე არ უშვებდა მოწინააღმდეგეს. თავად ერთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა მეხუთე გეიმში და შეძლო მისი რეალიზება. სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი მომენტი მეორე სეტში. ქართველმა ბოლომდე შეინარჩუნა ეს უპირატესობა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ნიკას მეტოქე მომდევნო ეტაპზე რაფაელ ნადალსა და ჟერემი შარდის შორის მოგებული იქნება.