ბასილაშვილი როლან გაროსს არგენტინელთან შეხვედრით დაიწყებს
ბასილაშვილი როლან გაროსს არგენტინელთან შეხვედრით დაიწყებს

დიდი სლემის რიგით მეორე ტურნირზე – როლან გაროსზე ძირითადი ბადის წილისყრა შედგა და გაირკვა ბასილაშვილის პირველი მეტოქე. ნიკა ტურნირს ნაკლებად ცნობილ არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროსთან მატჩით დაიწყებს.

ლონდერო კლასიფიკაციაში 79-ე ადგილზეა. მან წელს ATP-ის დონეზე 16 მატჩი ჩაატარა, მოიგო ცხრა და შვიდჯერ დამარცხა. ყველაზე წარმატებული მისთვის თებერვლის დასაწყისში არგენტინული კორდობას ტურნირი იყო, სადაც ფინალამდე მიაღწია და იქ სამ სეტში დამარცხდა თანამემამულე გვიდო პეიასთან.

არგენტინელის ძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე წრეში გერმანელ მიშა ზვერევსა და ფრანგ რიშარ გასკეს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. პირველი განთესილი, რომელიც შეიძლება ქართველს შეხვდეს, არგენტინელი გვიდო პეიაა. მათი სავარაუდო შეხვედრა მეთექვსმეტედფინალში გაიმართება. აქ წარმატების შემთხვევაში კი, ბასილაშვილს მერვედფინალში რაფაელ ნადალი დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი გასულია ლიონის ტურნირის ნახევარფინალში, სადაც კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს შეხვდა, რომელთანაც ამ სეზონში ერთხელ უკვე ითამაშა და წააგო. ეს მოხდა მაიამის მასტერსის პირველ წრეში.

ბასილაშვილისა და ოჟე-ალიასიმის შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.