ბასილაშვილი პეკინის ტურნირის მეორე წრეშია
ბასილაშვილი პეკინის ტურნირის მეორე წრეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაიწყო ტიტულის დაცვა პეკინის ATP500-ის ტურნირზე. ქართველმა ორ სეტში დაამარცხა რეიტინგის 22-ე ნომერი, არგენტინელი გიდო პელა.

პირველ სეტში ნიკამ ძალიან დამაჯერებლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – ჯამში ექვს თავის გეიმში მხოლოდ ექვსი ქულა წააგო. მეტოქის მოწოდებაზე კი ბასილაშვილს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ერთხელ აიღო არგენტინელის გეიმი.

მეორე პარტიაში თამაშის სურათი შეიცვალა – ბასილაშვილს გაუჭირდა საკუთარი მოწოდების შენარჩუნება და პელას მეტოქის პირველ სამ გეიმში რვა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. საბოლოოდ, არგენტინელმა შეძლო მატჩში პირველი ბრეიკის შესრულება და ანგარიშით 3:1 დაწინაურება, მაგრამ ბასილაშვილმა იქვე მოახერხა საპასუხო ბრეიკის აღება.

სეტის მეორე ნაწილში ქართველს ჰქონდა უპირატესობა და შეეძლო საქმე ტაი-ბრეიკამდე არ მიეყვანა – ბასილაშვილმა ანგარიშით 4:4-ზე და 5:5-ზე სამი დაფარული მატჩბოლი მოიპოვა, მაგრამ სამივე შანსი გაანიავა.

საბოლოოდ, მეორე პარტიის ბედი ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა, რომელშიც, თავდაპირველად, ჩოგბურთელები სტაბილურად იღებდნენ ქულებს საკუთარ მოწოდებაზე. პირველი მინიბრეიკი ბასილაშვილმა შეასრულა და ანგარიშით 5:3 დაწინაურდა. იქვე მეორე მინიბრეიკიც მიაყოლა და შემდეგ პირველივე მატჩბოლი გამოიყენა.

შეხვედრა საათი და 44 წუთი გაგრძელდა და ნიკამ ანგარიშით 6:4, 7:6(3) მოიგო.