ბასილაშვილი პარიზის „მასტერსს“ ალბოტთან მატჩით დაიწყებს, მეორე სავარაუდო მეტოქე კი ფედერერია
ბასილაშვილი პარიზის „მასტერსს“ ალბოტთან მატჩით დაიწყებს, მეორე სავარაუდო მეტოქე კი ფედერერია

გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე პარიზის „მასტერსზე“, რომელიც ორშაბათს, 28 ოქტომბერს დაიწყება. 1/32 ფინალში ქართველი წყვილებში თავის ყოფილ პარტნიორს, მოლდოველ რადუ ალბოტს შეხვდება.

ეს ჩოგბურთელები სულ ცოტა ხნის წინ, შანხაის „მასტერსზე“ შეხვდნენ ერთმანეთს და ბასილაშვილმა სამ სეტში მოიგო – 4:6, 6:1, 6:3. ასევე ქართველს წინა წლებში სამიდან სამი მატჩი აქვს მოგებული მოლდოველისთვის „ჩელენჯერისა“ და „ფიუჩერსის“ სერიის ტურნირებში.

ალბოტის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილს მეორე წრეში შვეიცარიელი როჯერ ფედერერის სახით სერიოზული გამოცდა ელოდება, რომელიც პირველი წრიდან თავისუფალია.

შარშან, ბასილაშვილმა პარიზის „მასტერსზე“ პირველ წრეში ჯონ მილმენი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან სამ სეტში წააგო.