ბასილაშვილი ჰალეს ტურნირს მატეო ბერეტინისთან მატჩით დაიწყებს
ბასილაშვილი ჰალეს ტურნირს მატეო ბერეტინისთან მატჩით დაიწყებს

ბალახის სეზონის მეორე კვირას ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირში ითამაშებს. ჩვენი ჩოგბურთელი მეექვსე ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის შეხვდება, რომელიც 30-ე ადგილზეა მსოფლიოს კლასიფიკაციაში.

ბასილაშვილმა და ბერეტინიმ პროფესიულ ტურში ორჯერ ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ დაანგარიში თანაბარია – 1:1. ორივე შეხვედრა შარშან შედგა: გრუნტზე 7:6(2), 6:4 ბასილაშვილმა მოიგო, ჰარდზე იტალიელმა გაიმარჯვა – 7:5, 6:3.

ჰალეს ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ხოლო მოქმედი ჩემპიონია ხორვატი ბორნა ჩორიჩი.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ამ კვირას შტუტგარტის ბალახის ტურნირზე ითამაშა და პირველივე შეხვედრაში სამ სეტში წააგო უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ამ მატჩში სამი მატჩბოლი ვერ გამოიყენა.