ბასილაშვილი დუბაის ტურნირს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT
ბასილაშვილი დუბაის ტურნირს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე მატჩი წააგო დუბაის ATP500 კატეგორიის ტურნირზე და ბრძოლას გამოეთიშა. ის პირველი წრეში თავისუფალი იყო და მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა. ამ ეტაპზე მისი მეტოქე იყო მსოფლიოს 30-ე ჩოგანი ტეილორ ფრიტცი, რომელსაც ბასილაშვილმა წინა კვირას, დოჰას ტურნირის ნახევარფინალში მოუგო.

პირველ სეტში ბასილაშვილმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა მას. თავად ქართველს ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ერთი გამოიყენა – მეშვიდე გეიმში შეასრულა ბრეიკი. ბასილაშვილი იდეალურად თამაშობდა პირველ მოწოდებაზე და მხოლოდ ერთი ქულა წააგო, მეორე მოწოდებაზე – ოთხი.

მეორე სეტი ფრიტცმა უკეთ დაიწყო და მეოთხე გეიმში შეძლო მატჩში პირველი ბრეიკის შესრულება. ბასილაშვილს უკუბრეიკის შესრულება მეშვიდე და მეცხრე გეიმებში შეეძლო, მაგრამ ჯამში სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება.

გადამწყვეტ პარტიაში ბასილაშვილს თითქოს დაღლილობა დაეტყო – მის გეიმებში დიდი ბრძოლა იყო, ფრიტცი კი იოლად იღებდა თავის მოწოდებებს. თუმცა. მეექვსე გეიმში ამერიკელის მოწოდებაზე ქართველი 40:0 დაწინაურდა და ძალიან ახლოს იყო ბრეიკთან, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელებმა იოლად აიღეს საკუთარი გეიმები და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა.

მე-13 გეიმი ფრიტცის უპირატესობით დაიწყო და ამერიკელი 4:0 დაწინაურდა – მან ორი მინი-ბრეიკი შეასრულა. მალე ამერიკელმა 6:1 გახადა ანგარიში და ხუთმაგი მატჩბოლი მიიღო. ბასილაშვილმა გაიბრძოლა, სამი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ ფრიტცმა მეოთხე ცდაზე შეძლო გამარჯვების გაფორმება – 4:6, 6:3, 7:6(4).

დატოვე კომენტარი