ბასილაშვილი დუბაის ნახევარფინალისთვის ხორვატ ჩორიჩს შეხვდება
ბასილაშვილი დუბაის ნახევარფინალისთვის ხორვატ ჩორიჩს შეხვდება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს გააგრძელებს გამოსვლას დუბაის ATP500-ის კატეგორიის ტურნირზე. მისი მორიგი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება, რომელიც მსოფლიოს მე-13 ჩოგანია, დუბაიში კი მეექვსე ნომრად არის განთესილი.

ჩორიჩმა პირველ ორ რაუნდში ჩეხი ჩოგბურთელები, ჯერ ირჟი ვესელი – 7:5, 3:6, 7:6(4), შემდეგ კი ტომაშ ბერდიხი – 1:6, 6:1, 7:6(4) დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პირველ წრეში რუს კარენ ხაჩანოვს სძლია – 6:4, 6:1, მერვედფინალში კი რობერტო ბაუტისტა აგუტს გაუმკლავდა – 6:7(2), 6:4, 6:3.

ბაუტისტა აგუტი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და ამ წაგებით, ATP-ის „ცოცხალ“ რეიტინგში მე-18 ადგილიდან ოთხი საფეხურით დაქვეითდა, მე-18 პოზიციაზე კი სწორედ ბასილაშვილი გადავიდა.

აქამდე ბასილაშვილი და ჩორიჩი ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მათ შორის ანგარიშია 2:2. 2017 წელს, ქართველმა ორჯერ მოუგო ხორვატს: ლიონში – 6:4, 5:7, 6:4 და ცინცინატში – 6:3, 7:6(5). მაგრამ შარშან ჩორიჩმა ორჯერ იოლად დაამარცხა ბასილაშვილი: დოჰაში – 6:1, 6:3 და ჰალეში – 6:4, 6:2.

ბასილაშვილისა და ჩორიჩის მეოთხედფინალური დაპირისპირება ხუთშაბათის სათამაშო დღეს ბოლო მატჩი იქნება. დასაწყისი თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზეა.