ბასილაშვილი დღეს მონრეალის „მასტერსზე“ პირველ მატჩს გამართავს
ბასილაშვილი დღეს მონრეალის „მასტერსზე“ პირველ მატჩს გამართავს

ორშაბათს მონრეალის „მასტერსზე“ პირველი სათამაშო დღეა. და პირველივე დღეს ებმება ბრძოლაში მსოფლიოს მე-17 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. მისი მეტოქეა სერბი დუშან ლაიოვიჩი, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 28-ე ადგილზეა.

ამ ჩოგბურთელებს ერთმანეთში ოთხჯერ უთამაშიათ. 2016 წელს, პეკინის „ჩელენჯერში“ (ჰარდი) ბასილაშვილმა 6:7(4), 7:5, 6:4 მოიგო. იმავე წელს, კიტცბუელის ტურნირზეც (გრუნტი) ქართველმა იმარჯვა – 6:3, 6:1. კიდევ ორი შეხვედრა 2018 წელს შედგა: ანტალიაში (ბალახი) ბასილაშვილმა სამ სეტში მოიგო – 6:4, 2:6, 7:5, უმაგში (გრუნტი) ლაიოვიჩმა გაიმარჯვა – 7:5, 6:2.

საერთოდ, უმაგი სერბისთვის საყვარელი ტურნირია. 2018 წელს მან იქ მოგება შეძლო და დაახლოებით სამი კვირის წინ, ტიტული შეინარჩუნა.

ბასილაშვილს შარშან კანადურ „მასტერსზე“ არ უთამაშია, 2017 წელს კი დებიუტი ჰქონდა და პირველივე წრეში წააგო ნაკლებად ცნობილ ერნესტო ესკობედოსთან.

ლაიოვიჩს წელს დებიუტი აქვს კანადაში. ამ სეზონში ღია ჰარდზე მას ხუთი მოგება და ექვსი წაგება დაუგროვდა. სერბის საუკეთესო შედეგი იყო მეოთხედფინალი დოჰაში და მესამე წრე მაიამის “მასტერსზე”.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილსა და ლაიოვიჩს შორის მოგებული 1/16 ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფსა და ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შორის გამარჯვებულს შეხვდება. 1/8 ფინალში ქართველის სავარაუდო მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევია, რომელსაც ნიკამ ერთი კვირის წინ, ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში მოუგო.

ბასილაშვილისა და ლაიოვიჩის მატჩი თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზეა ჩანიშნული.