ბასილაშვილი დღეს ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში რუს რუბლევს შეხვდება #1TVSPORT
ბასილაშვილი დღეს ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში რუს რუბლევს შეხვდება #1TVSPORT

გერმანულ ქალაქ ჰალეში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ნახევარფინალურ დაპირისპირებაში რუს ანდრეი რუბლევს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ქართველმა გუშინ მეოთხედფინალში სამხრეთამერიკელი ლოიდ ჯორჯ ჰარისი ორ სეტში ანგარიშით 6:4 7:6 დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ბასილაშვილი და რუბლევი ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ და ანგარიში 2:2-ია. ბოლო ორი შეხვედრა რუსმა მოიგო. დღევანდელ მეტოქეებს ერთმანეთთან ბალახზე არასდროს უთამაშიათ. ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ფინალში ფრანგ ჰუმბერტსა და კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმში გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზი რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს, მისი მეტოქე კი სიაში მეშვიდეა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და ნახევარფინალამდე ხუთი გამარჯვება მოიპოვა.

გერმანიის ქალაქ ჰალეში საერთაშორისო ტურნირი ბალახზე მიმდინარეობს და საპრიზო ფონდი 1 455 925 ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ჰალეში ასპარეზობდა ჩოგბურთის ლეგენდა და ამ ტურნირის 10-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი, რომელიც მერვედფინალში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან სამ სეტში დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა.