ბასილაშვილი და ბოლქვაძე დღეს აშშ-ის ღიას ერთდროულად - 19:00 საათზე იწყებენ
ბასილაშვილი და ბოლქვაძე დღეს აშშ-ის ღიას ერთდროულად - 19:00 საათზე იწყებენ

ორშაბათს, ნიუ იორკში „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა იწყება, რომელიც ისტორიულია საქართველოსთვის: პირველად ქვეყანას თავისი წარმომადგენელები ჰყავს როგორც კაცების, ასევე ქალების ძირითად ბადეში – ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე.

დღეს ისინი ერთდროულად დაიწყებენ ტურნირს. აშშ-ის პირველი სათამაშო დღე სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს და ბასილაშვილიც და ბოლქვაძეც სწორედ ამ დროს გავლენ კორტზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქია უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი. ეს ჩოგბურთელები წელს უკვე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და უპირატესობა უნგრელის მხარესაა – 3:1:

როტერდამი (ჰარდი). ბასილაშვილი-ფუჩოვიჩი 6:7(1), 1:6

მონტე კარლო (გრუნტი). ბასილაშვილი-ფუჩოვიჩი 5:7, 6:3, 1:6

რომი (გრუნტი). ბასილაშვილი-ფუჩოვიჩი 6:1, 7:6(2)

შტუტგარტი (ბალახი). ბასილაშვილი-ფუჩოვიჩი 7:6(4), 2:6, 5:7.

თუ „ჩელენჯერისა“ და „ფიუჩერსის“ სერიის ტურნირებს ავიღებთ, ჯამში ბასილაშვილმა და ფუჩოვიჩმა ერთმანეთში შვიდჯერ ითამაშეს და უნგრელი ჩოგბურთელი 5:2-ს იგებს.

ამ წყვილში გამარჯვებული მეორე წრეში ჩეხ ბერდიხსა და ამერიკელ ბრუკსბის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე სამი წრე გაიარა და მერვედფინალში რაფაელ ნადალს შეხვდა, რომელთანაც ოთხ სეტში წააგო.

რაც შეეხება 21 წლის მარიამ ბოლქვაძეს (202-ე ჩოგანი), ის მსოფლიოს 65-ე ჩოგანს, ხორვატიის ქალაქ ზადარში დაბადებულ ამერიკელს, 24 წლის ბერნარდა პერას შეხვდება. ამ ჩოგბურთელს WTA-ის დონეზე 26 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და ცოტა ხნის წინ, ნიუ ჰევენის ტურნირზე მეოთხედფინალამდე მიაღწია.

სხვათა შორის, ამ ჩოგბურთელებს 2014 წელს, ნოტინგემის 25-ათასიან ტურნირში უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ და პერამ სამ სეტში მოიგო – 6:2, 3:6, 6:4.

ბოლქვაძემ აშშ-ის ღიას ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით შეაღწია. მან ზედიზედ სამი მატჩი მოიგო: ჰიზერ უოტსონთან – 6:4, 6:2, ნა-ლაე ჰანთან – 2:6, 6:2, 7:5 და შილინ სუსთან – 6:4, 2:6, 6:4.

ბოლქვაძესა და პერას შორის მოგებული მეორე წრეში ჩეხების – ტერეზა მარტინკოვასა და კაროლინა პლიშკოვას შორის გამარჯვებულს შეხვდება.