ბასილაშვილი 2019 წლის სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს
ბასილაშვილი 2019 წლის სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს

ცნობილი გახდა ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის განრიგი 2019 წლის სეზონის სტარტზე. მსოფლიოს 21-ე ჩოგანს იანვარში სამ ტურნირში თამაში აქვს დაგეგმილი.

2019 წლის სეზონს ბასილაშვილი დოჰას (ATP250) ტურნირით დაიწყებს, რომელიც სტარტს 31 დეკემბერს აიღებს. ამის შემდეგ, ქართველი ავსტრალიაში გადაინაცვლებს და 6 იანვრიდან სიდნეის (ATP250) ტურნირში ჩაებმება.

სწორედ ეს ორი ტურნირი იქნება ბასილაშვილისთვის მოსამზადებელი ეტაპი „დიდი სლემის“ პირველი ჩემპიონატისთვის – ავსტრალიის ღია პირველობისთვის, რომელიც 14 იანვარს დაიწყება.

ბასილაშვილმა შარშანდელი სეზონიც დოჰაში დაიწყო, სადაც პირველ წრეში იტალიელ ტომას ფაბიანოს მოუგო, მეორეში კი ხორვატ ბორნა ჩორიჩთან დამარცხდა.

სიდნეის ტურნირში მას არ უთამაშია, ავსტრალიის ღიაზე კი ორი წრე გაიარა (მოუგო მელცერსა და ბემელმანს) და 1/16 ფინალში დამარცხდა ბრიტანელ კაილ ედმუნდთან.