„ბასიანის“ დებიუტი საქართველოს თასზე - შემდეგ ეტაპზე „ვარკეთილი 2“ გავიდა #1TVSPORT
„ბასიანის“ დებიუტი საქართველოს თასზე - შემდეგ ეტაპზე „ვარკეთილი 2“ გავიდა #1TVSPORT

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, სამოყვარულო ლიგის გუნდმა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე იასპარეზა.

ლიგის 2021 წლის ჩემპიონი „ბასიანი“ ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართულ სათასო შეხვედრაში „ვარკეთილი 2-ს“ დაუპირისპირდა. დრამატული მატჩისა და მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელის ბედი დამატებით დროში გადაწყდა, მატჩი „ვარკეთილი 2-ის“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი თბილისის „ბასიანი“ 2022 წელს აზერბაიჯანშიც გაემგზავრება, სადაც უეფა-ს რეგიონების ახალი თასის გათამაშების წინასწარი ტურის მატჩებს ითამაშებს. ტურნირი ბელარუსში უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდაჭერის გამო, უეფა-მ ამ ქვეყნის გუნდებს საშინაო მატჩების საკუთარ მოედანზე თამაში აუკრძალა, ხოლო მასპინძლობის უფლება აზერბაიჯანმა მიიღო, სადაც მატჩები 23-29 ივნისს გაიმართება.

ჯგუფის გამარჯვებული გუნდი მოხვდება შუალედური რაუნდის მესამე ჯგუფში, სადაც ასევე ითამაშებენ თურქეთი (მასპინძელი), პორტუგალია და ფინეთი. შუალედური ტურის რვა ჯგუფის გამარჯვებული ფინალური ტურნირის საგზურს მიიღებს. მასპინძელი კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ გამოვლინდება. ტურნირი 2023 წლის ივნისის ბოლო ორ კვირაშია დაგეგმილი.