„ბარსელონასა“ და მესის რეკორდები „სელტას“ განადგურების შემდეგ
„ბარსელონასა“ და მესის რეკორდები „სელტას“ განადგურების შემდეგ

ესპანეთის თასზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. ბოლო მეოთხედფინალისტი გახდა „ბარსელონა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა „სელტა“.

ამ გუნდების პირველი მატჩი ვიგოში 1:1 დასრულდა. მაშინ „ბარსელონამ“ პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით ითამაშა, განმეორებით მატჩში კი ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი ოპტიმალური შემადგენლობით იყო მოედანზე და უკვე პირველ ტაიმში გადაწყვეტილი ჰქონდა თამაშის ბედი.

ლიონელ მესიმ 28-ე წუთისთვის დუბლი შეასრულა, ამას მოჰყვა ხორდი ალბასა და ლუის სუარესის გოლები. მეორე ტაიმში კი შეხვედრას წერტილი ივან რაკიტიჩმა დაუსვა.

ამ შეხვედრაში მესისა და „ბარსელონას“ რამდენიმე სტატისტიკური მიღწევა ჰქონდათ:
მესიმ ორივე გოლი ხორდი ალბას პასით გაიტანა. ამ უკანასკნელს მიმდინარე სეზონი რვა შედეგიანი გადაცემა აქვს და აქედან შვიდჯერ გოლი მესიმ გაიტანა. ხორდი ალბა არგენტინელისთვის საუკეთესო ასისტენტია.

ესპანეთის თასის ბოლო 14 მატჩში, მესიმ 24 გოლში მიიღო მონაწილეობა – 14 გოლი და 10 პასი.
მესი მეათე ადგილზე გადავიდა ესპანეთის თასზე გოლების რაოდენობით – 46 ბურთი. პირველი ადგილი უჭირავს ტელმო სარას (81 გოლი).

ამ სეზონში მესის 22 გოლი აქვს ყველა ტურნირის 27 მატჩში. ამას ემატება 10 შედეგიანი პასი. არგენტინელმა ოთხი დუბლი შეასრულა და ორი ჰეთ-თრიკი.

ლუის სუარესს ცხრა გოლი აქვს 10 მატჩში მას შემდეგ, რაც ნოემბერში ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს.

კატალონელებმა გაზარდეს ესპანეთის თასზე წაუგებელი სერია 28 მატჩამდე. „ბარსელონამ“ 30-ე მატჩი ჩაატარა ამ სეზონში და მეოცედ არ გაუშვა გოლი.

ესპანეთის თასის მერვედფინალის შედეგები:

ატლეტიკო-ლეიდა 7:0 (4:0, 3:0)
ალავესი-ფორმენტერა 5:1 (3:1, 2:0)
ვალენსია-ლას პალმასი 5:1 (1:1, 4:0)
სევილია-კადისი 4:1 (2:0, 2:1)
ლეგანესი-ვილიარეალი 2:2 (1:0, 1:2)
ბარსელონა-სელტი 6:1 (1:1, 5:0)
რეალი-ნუმანსია 5:2 (3:0, 2:2)
ესპანიოლი-ლევანტე 3:2 (1:2, 2:0)