„ბარსელონას“ ზამთრისთვის ფული არ აქვს
„ბარსელონას“ ზამთრისთვის ფული არ აქვს

„ბარსელონა“ ვერ შეძლებს იანვარში ახალი ფეხბურთელების გაფორმებას, სანამ რომელიმე საკუთარ ფეხბურთელს სხვა კლუბში არ გაყიდის. კატალონური გრანდის რთულ ფინანსურ სიტუაციაზე გაზეთი „მარკა“ წერს.

ცოტა ხნის წინ, „ბარსელონაში“ მძიმე ტრავმა მიიღო ფორვარდმა ანსუ ფატიმ, რომელიც დაახლოებით ოთხი თვე ვერ შეძლებს თამაშს, თუმცა, კლუბს არ შეეძლება ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გასვლა 18 წლის ფეხბურთელისთვის შემცვლელის მოსაძებნად.

ფორვარდის გარდა, „ბარსელონას“ ცენტრალური მცველიც სჭირდება, მაგრამ, თავდაპირველად, კლუბს მოუწევს სარფიანად რომელიმე საკუთარი ფეხბურთელის გაყიდვა, რომ ტრანსფერისთვის საკმარისი თანხა გამოიმუშავოს.

სწორედ ფინანსების დეფიციტის გამო, კატალონელებმა ვერ შეძლეს „ლიონის“ ფორვარდის მემფის დეპაის გაფორმება, არადა, მისი ტრანსფერი სექტემბერში თითქმის ყველას გადაწყვეტილი ეგონა.

სხვათა შორის, დეპაი თავის ამჟამინდელ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.

„რა თქმა უნდა, ის დარჩება“, – განაცხადა „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ, როცა ნიდერლანდელის მომავლის შესახებ ჰკითხეს.

მიმდინარე სეზონში დეპაიმ 10 მატჩის ჩატარება მოასწრო, ხუთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.

დატოვე კომენტარი