„ბარსელონას“ ყოფილი მწვრთნელი „დინამოს“ დაუბრუნდა - ანდრეს კარასკო აკადემიას უხელმძღვანელებს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ყოფილი მწვრთნელი „დინამოს“ დაუბრუნდა - ანდრეს კარასკო აკადემიას უხელმძღვანელებს #1TVSPORT

ანდრეს კარასკო „დინამო თბილისში“ დაბრუნდა და აკადემიის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ესპანელმა სპეციალისტმა თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 3 წლის ვადით გააფორმა.

კარასკო საქართველოში ადრეც მუშაობდა – 2011-12 წლებში „დინამოს“ აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება, სწორედ მის მიერ ჩამოყალიბებული სისტემის გამოზრდილები არიან გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი და კიდევ ბევრი მოთამაშე.

ანდრეს კარასკოს სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ უკავშირდება, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგა და 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. სხვადასხვა დროს „მალაგას“ 16-წლამდების და დონეცკის „შახტარის“ 19-წლამდელთა გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი „საბურთალოს“ აკადემიაშიც იმუშავა.

აკადემიების გარდა, კარასკოს ძირითად გუნდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს – იგი ესპანური „საბადელის“, ავსტრალიური „ვესტერნ სიდნეი უონდერერსის“ და თურქული „კარაბიუკსპორის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.

„დინამოში“ დაბრუნებამდე, კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ესპანელი სპეციალისტი „დინამოს“ აკადემიაში მუშაობას 2022 წლის იანვრიდან დაიწყებს.