„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა კლუბში არსებულ კორუფციაზე ილაპარაკა
„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა კლუბში არსებულ კორუფციაზე ილაპარაკა

„ბარსელონას“ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ემილი რუსომ კატალონიურ კლუბში არსებულ ფინანსურ მაქინაციებზე ილაპარაკა. რუსო ერთ-ერთია იმ ექვსი ფუნქციონერიდან, რომელმაც კლუბის დატოვება გადაწყვიტა და პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები მოითხოვა.

„ვფიქრობ, ვიღაც იპარავდა კლუბის სალაროდან. ერთ-ერთ კომპანიას გაწეული სამუშაოსთვის ერთი მილიონი ევრო გადაუხადეს, როცა საბაზრო ფასი იყო 100 ათასი ევრო. ვინ? ცალსახად ვინმემ ხელმძღვანელობიდან. ზუსტად არ ვიცი ვინ, მაგრამ ეჭვმიტანილები არიან…“ – განუცხადა გამოცემა „სპორტს“ რუსომ.

ექს-ფუნქციონერის განცხადებაზე უკვე ჰქონდა რეაგირება „ბარსელონას“. კატალონიელთა ოფიციალურ ვებგვერდზე წერია: „კლუბი კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც შეიძლება განხილული იყოს კორუფციად. ამას მონიტორინგის სამსახურის მიერ გაკეთებული დასკვნის მიხედვით ვაცხადებთ.“