„ბარსელონას“ სეზონურმა შემოსავალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა #1TVSPORT
2025/2026 წლების სეზონი „ბარსელონასთვის“ ფინანსურად ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა. გენერალურ ასამბლეამდე გავრცელებულ დირექტორთა საბჭოს ოფიციალურ ცნობაში ხაზგასმულია, რომ, „კამპ ნოუს“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და არსებული ბარიერების მიუხედავად, კლუბმა პოზიტიური ფინანსური ბალანსი ზედიზედ მესამედ დააფიქსირა.
ისტორიაში პირველად, კლუბის შემოსავალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა. მაჩვენებელი უმთავრესად სტადიონიდან შესულმა თანხების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული მიღწევა მით უფრო შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული სეზონის საწყის ეტაპზე გუნდს რამდენიმე შეხვედრის ჩატარება „ჟოან გამპერსა“ და „ოლიმპიკზე“ მოუწია, ხოლო „კამპ ნოუზე“ დასწრება სეზონის მანძილზე 42 ათასი გულშემატკივრით იყო ლიმიტირებული.
სტადიონის გარდა, „ბარსელონას“ სარეკორდო ფინანსურ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა სპონსორებისგან მიღებული თანხების სტაბილურმა მატებამ და შვილობილი კომპანიის, BLM-ის ხაზით კლუბის ოფიციალური ატრიბუტიკის გაყიდვებიდან შესულმა უპრეცედენტო მოგებამ.