„ბარსელონას“ პრეზიდენტი - სუპერლიგა შეიძლება 2025 წელს იქცეს რეალობად #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტი - სუპერლიგა შეიძლება 2025 წელს იქცეს რეალობად #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ სუპერლიგის პროექტი, შესაძლოა, 2025 წელს დაიწყოს.

„გაზაფხულზე გვექნება გადაწყვეტილება სუპერლიგის შესახებ, რომელიც კლუბებისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, რაც ბოსმანის კანონი მოთამაშეებისთვის. მე არ დავთანხმდებოდი ამ პროექტში მონაწილეობას, თუ ეს ტურნირი ღია არ იქნება.

პროექტი მიიღეს „რეალმა“, „იუვენტუსმა“ და სხვა კლუბებმა, რომლებსაც ჯერ არ სურთ საკუთარი თავის გამომჟღავნება. ერთადერთი, რისი შეცვლაც გვსურს – ეს არის მმართველობის მოდელის შეცვლა და, მართალია, ეს შეეხება კლუბებს, მაგრამ უეფა-საც შეუძლია მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, როგორც ერთ-ერთ მხარეს.

თუ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, სუპერლიგა შეიძლება რეალობა გახდეს 2025 წელს.

ჩვენ გვექნება ევროტურნირი, რომელიც კონკურენციას გაუწევს პრემიერლიგას. ჩვენ გვინდა, რომ ინგლისური კლუბები მოხვდნენ სუპერლიგაში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე ისინი ამას არ გააკეთებენ.

მე ეროვნული ლიგების მომხრე ვარ, მაგრამ – ეს ჩემი პირადი აზრია – ვფიქრობ, რომ მეორე ეტაპზე მოხდება ევროპის სუპერლიგისა და პრემიერლიგის შერწყმა“, – განაცხადა ჟოან ლაპორტამ.