„ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგიდან 2-3 წლით დისკვალიფიკაცია ემუქრება, კლუბის ფინანსურ ანგარიშებში უწესრიგობაა #1TVSPORT
„ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგიდან 2-3 წლით დისკვალიფიკაცია ემუქრება, კლუბის ფინანსურ ანგარიშებში უწესრიგობაა #1TVSPORT

„ბარსელონა“, შესაძლოა, რამდენიმე წლით ჩამოაშორონ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ფინანსური ფეარ პლეი დარღვევისთვის.

კატალონურ გუნდს 2024-25 წლების სეზონიდან ემუქრება ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვა, – ამტკიცებს გერმანული გაზეთი Welt am Sonntag უეფა-სა და „ბარსელონას“ წყაროებზე დაყრდნობით.

შესაძლო სასჯელის მიზეზი – უეფა-ს ფინანსური წესების დარღვევაა, რომელთა მიხედვით კლუბები ვალდებულნი არიან დანახარჯების კომპენსირება მოახდინონ შემოსავლების შესაბამისად. ყოველთვის ფასდება ბოლო სამწლიანი ციკლი.

სექტემბერში „ბარსელონამ“ გამოაცხადა 304 მილიონი ევროს ოდენობის სუფთა მოგების შესახებ. ეს იმას ნიშნავდა, რომ შესაძლო საჯარიმო სანქციებზე საფრთხე, როგორც ჩანს, აღარ არსებობდა. მაგრამ უეფა-ს ფინანსური წესების თანახმად, ითვალისწინებენ მხოლოდ იმ გაყიდვებს, რომლებიც უშუალოდ საფეხბურთო ბიზნესს უკავშირდება. ბოლო წლიურ ანგარიშში კი მითითებული იყო ასობით მილიონი ევრო მომავალი სატელევიზიო და მარკეტინგული უფლებების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი. ასეთი შემოსავლები უეფა-ს მხრიდან არ ფასდება.

უეფა-სთან დაახლოებული წყარო წერს, რომ „ბარსელონას“ ფინანსურ ანგარიშებში „უწესრიგობაა“. მათ მიაჩნიათ, რომ კლუბი შეიძლება ჩამოაშორონ ჩემპიონთა ლიგას ორი-სამი წლით. „რაც მეტია ფინანსური დანაკარგები, მით მკაცრია სასჯელი“, – წერს აღნიშნული წყარო.

ზაფხულში უეფა-მ „ბარსელონა“ 500 ათასი ევროთი დააჯარიმა. მაშინ უეფა-ს ფინანსური კონტროლის პალატა იმ აზრამდე მივიდა, რომ კლუბს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული არამატერიალური აქტივების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი.