„ბარსელონამ“ ზედიზედ მეორე კლასიკო მოიგო დიდი ანგარიშით და ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ზედიზედ მეორე კლასიკო მოიგო დიდი ანგარიშით და ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა [ვიდეო] #1TVSPORT

საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერთასის ფინალის რანგში „ელ კლასიკო“ გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ 5:2 გაანადგურა „რეალი“.

„რეალისთვის“ ყველაფერი კარგად იწყებოდა – მადრიდელებმა უკვე მე-5 წუთზე გახსნეს ანგარიში, როცა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს. ბურთი კილიან მბაპემ წაიღო და თავად გაიტანა.

ამ გოლს პირველ ტაიმში „ბარსელონამ“ ოთხით უპასუხა – ლამინ იამალმა, რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით, რაფინიამ და ბალდემ ზედიზედ გაიტანეს. პირველ ნახევარში კატალონელებს კიდევ სამჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ კურტუა თამაშობდა კარგად.

მეორე ტაიმის სტარტზე რაფინიამ დუბლი შეასრულა – 5:1. 57-ე წუთზე შჩესნიმ საჯარიმოს გარეთ მბაპე წააქცია და წითელი ბარათი მიიღო. იქვე როდრიგომ საჯარიმოდან გაიტანა, მაგრამ „რეალმა“ მეტი ვერ შეძლო და სეზონში მეორედ წააგო „კლასიკო“ დიდი ანგარიშით. მანამდე იყო ლა ლიგაში შინ მარცხი 0:4.

 

ფაქტები

* „ბარსელონამ“ მე-15-ედ მოიგო ესპანეთის სუპერთასი და ლიდერია ამ მაჩვენებლით. „რეალს“ 13 მოგება აქვს.

* ჰანსი ფლიკმა პირველი ტიტული მოიპოვა „ბარსელონაში“, და მე-8 კარიერაში.

* „ბარსელონამ“ ისტორიაში პირველად გაიტანა ზედიზედ ორ „კლასიკოში“, მინიმუმ, 4 გოლი.

* „ბარსელონამ“ ბოლო ორ მატჩში „რეალს“ 9 გოლი გაუტანა. ეს ორით მეტია მადრიდელების წინააღმდეგ წინა ექვს მატჩში გატანილი გოლების რაოდენობაზე.

* „ბარსელონას“, 15 წელზე მეტია, არ ჰქონდა გატანილი „რეალთან“ პირველ ტაიმში 3 ან მეტი გოლი.

* „რეალმა“ ნებისმიერი ტურნირის ფინალში 5 გოლი მესამედ გაუშვა. მანამდე იყო 3:5 წაგებები „ბენფიკასთან“ 1962 წელს (ჩემპიონთა თასი) და „სევილიასთან“ (2007).

* „რეალმა“ და „ბარსელონამ“ 259-ედ ითამაშეს და ანგარიში 5:2 პირველად დაფიქსირდა.

* კარლო ანჩელოტის „ბარსელონასთან“ უარყოფითი ბალანსი გაუხდა – 11 წაგება და 10 მოგება. „კლასიკოში“ „ბარსას“ წინააღმდეგ 9:9 არის ანგარიში, ფრე საერთოდ არ ყოფილა.

* 17 წლის იამალმა კარიერაში მე-3 ტიტული მოიგო. ის არის ევროპის ჩემპიონი, ესპანეთის ჩემპიონი და ესპანეთის სუპერთასის მფლობელი.

* კილიან მბაპეს სამი გოლი აქვს გატანილი „რეალის“ სამ ფინალში: „ატალანტასთან“ (უეფას სუპერთასი), „პაჩუკასთან“ (საკონტინენტთაშორისო თასი) და „ბარსელონასთან“ (ესპანეთის სუპერთასი).

* რაფინიამ სეზონში 19 გოლი გაიტანა – ბრაზილიელმა იანვრის შუაში გააუმჯობესა პირადი რეკორდი.