„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ აცნობა გუნდის გარემარბს უსმან დემბელეს, რომ მას ჩამოაშორებენ პირველ გუნდს, თუ იანვრის ბოლოსთვის არ დათანხმდება ახალი კონტრაქტის გაფორმებას. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Foot Mercato.
24 წლის ფრანგის მოქმედი ხელშეკრულება კატალონურ გუნდთან ამა წლის ზაფხულში იწურება. ამასწინ, დემბელემ „ბარსელონასგან“კონტრაქტის გაგრძელებაზე წინადადება მიიღო, რომლის მიხედვითაც ის წელიწადში 20-25 მილიონ ევროს მიიღებს. მაგრამ დემბელე აჭიანურებს პასუხს, მისმა აგენტმა მუსა სისოკომ კი გასული წლის ბოლოს ფეხბურთელისთვის მოითხოვა კონტრაქტი წელიწადში 40 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.
მაგრამ „ბარსელონას“ არ შეუძლია ასეთ პირობებზე დათანხმება. მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ შეხვედრა გამართა დემბელესთან და ის არჩევანის წინაშე დააყენა: ან გააგრძელებს კონტრაქტს იანვარში და დარჩება პირველი გუნდის წევრად, ან უარს ამბობს ხელშეკრულებაზე და არ მიიღებს სათამაშო დროს სეზონის ბოლომდე.
თუ დემბელე უახლოეს დღეებში უარს იტყვის კონტრაქტის გაგრძელებაზე, „ბარსელონა“ მზად იქნება მოისმინოს სხვა კლუბებისგან წინადადებები ფეხბურთელის თაობაზე 50 მილიონი ევროს ფარგლებში.
მიმდინარე სეზონში დემბელემ 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.