„ბარსელონამ“, შესაძლოა, დროებით ისევ დატოვოს „კამპ ნოუ“. ამის მიზეზია სტადიონზე ახალი სახურავის მონტაჟი, – იტყობინება გამოცემა Diari ARA.
სახურავის მონტაჟი, რომელიც 2027 წლის ზაფხულშია დაგეგმილი, იმაზე მეტ დროს დაიკავებს, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ეს უნდა ყოფილიყო დაახლოებით ოთხთვენახევრიანი პერიოდი, მაგრამ, ინჟინრების ინფორმაციით, სახურავის მონტაჟს შვიდი თვე დასჭირდება, რომლის დროსაც „კამპ ნოუზე“ მატჩების ჩატარება შეუძლებელი იქნება.
კლუბის ოპერაციულმა დირექტორმა ჟოან სენტელიესმა ადრე აღნიშნა, რომ „ბარსელონა“ 2026-27 წლების სეზონის ბოლო სამი მატჩის და მომდევნო სეზონის პირველი სამი მატჩის სტუმრად ჩატარებას აპირებს, რათა გაათავისუფლოს სტადიონი სამუშაოებისთვის.
საჭიროების შემთხვევაში „ბარსელონა“, შეიძლება, დროებით გადავიდეს „ესტადი იოჰან კრუიფზე“ ან დაბრუნდეს „მონჟუიკზე“. თუმცა მეორე ვარიანტი ნაკლებად სასურველია ფინანსური დანახარჯების გამო, პირველი კი არ შეესაბამება ლა ლიგის მოთხოვნებს ტევადობის მხრივ (მინიმუმ, 15 ათასი).
კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა განიხილავს „ესტადი იოჰან კრუიფის“ ტევადობის გაზრდას ექვსიდან 16 ათასამდე, მაგრამ ამისთვის საჭიროა ქალაქის მთავრობის თანხმობა.