„ბარსელონამ“ „რეალს“ ზედიზედ მესამედ მოუგო და ესპანეთის თასს დაეუფლა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონამ“ „რეალს“ ზედიზედ მესამედ მოუგო და ესპანეთის თასს დაეუფლა [ვიდეო] #1TVSPORT

2024-25 წლების სეზონში ესპანეთის თასი „ბარსელონამ“ მოიგო. კატალონელებმა სევილიაში გამართულ ფინალში „რეალი“ დამატებით დროში 3:2 დაამარცხეს.

28-ე წუთზე პედრიმ ლამინ იამალის პასით დააწინაურა „ბარსელონა“.

ამას მეორე ტაიმში „რეალის“ ზედიზედ ორი გოლი მოჰყვა: 70-ე წუთზე კილიან მბაპემ კარიერაში პირველად გაიტანა საჯარიმო დარტყმით, შვიდ წუთში კი ორელიენ ჩუამენიმ წინ გაიყვანა მადრიდული კლუბი.

84-ე წუთზე იამალმა მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა და ფერან ტორესს ანგარიში გაათანაბრებინა, რითიც შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

ოვერტაიმში გამარჯვების გოლი „ბარსელონამ“ გაიტანა – თავი გამოიჩინა ჟიულ კუნდემ.

ფაქტები

* „ბარსელონამ“ 2021 წლის შემდეგ პირველად მოიგო ესპანეთის თასი.

* „ბარსელონამ“ 32-ედ გაიმარჯვა ესპანეთის თასზე. „ატლეტიკოს“ 24 მოგება აქვს, „რეალს“ – 20.

* ფერან ტორესი 6 გოლით ესპანეთის თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

* „ბარსელონამ“ „რეალს“ სეზონში სამიდან სამი „კლასიკო“ მოუგო. ბურთების შეფარდება – 11:4.

* ჰანსი ფლიკს კარიერაში შვიდიდან შვიდი ფინალი აქვს მოგებული: გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი – „ბაიერნში“, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი – „ბარსელონაში“.

* „რეალმა“ სეზონში მე-13 მატჩი წააგო, რაც პირველად მოხდა კარლო ანჩელოტის მწვრთნელობისას.

* კილიან მბაპემ გაუსწრო კრიშტიანო რონალდოს „რეალში“ გოლების რაოდენობით სადებიუტო სეზონში. ფრანგს 34 გოლი დაუგროვდა. რეკორდი ივან სამორანოს ეკუთვნის – 37 (1992/93).