„ბარსელონამ“ რაფინიას კონტრაქტი 2030 წლამდე გაუხანგრძლივა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ბრაზილიელ თავდამსხმელთან, რაფინიასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც 2030 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
კონტრაქტის გახანგრძლივების ოფიციალური ცერემონია 5 ნოემბერს, კლუბის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას მონაწილეობით გაიმართა. რაფინიას ხელშეკრულება 2028 წელს ეწურებოდა, ახალი შეთანხმების საფუძველზე კი ის კატალონიურ გუნდში კიდევ ორი წლით დარჩება.
ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსელონაში“ 2022 წელს ინგლისური „ლიდსიდან“ გადავიდა. მას შემდეგ კატალონიური კლუბის მაისურით 190 შეხვედრა ჩაატარა და 94 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში რაფინიამ სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ერთხელ – ესპანეთის თასი და სამჯერ – ქვეყნის სუპერთასი.
რაფინია მიმდინარე სეზონშიც შესანიშნავ ფორმაშია. 2026/27 წლების სეზონში მას ყველა ტურნირზე 19 გოლი აქვს გატანილი, აქედან 15 – ესპანეთის ჩემპიონატში, ხოლო ოთხი – ჩემპიონთა ლიგაზე. ბრაზილიელი ამჟამად ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
აღსანიშნავია, რომ რაფინია „ბარსელონას“ ისტორიაში ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის როგორც ჩატარებული მატჩების, ისე გატანილი გოლების რაოდენობით მეოთხე ადგილს იკავებს.