„ბარსელონამ“ მოიფიქრა გარიგების სქემა, რომელიც მესის დაბრუნებაში დაეხმარება #1TVSPORT
„ბარსელონამ“ მოიფიქრა გარიგების სქემა, რომელიც მესის დაბრუნებაში დაეხმარება #1TVSPORT

„ბარსელონა“ სწავლობს ყველა შესაძლო ვარიანტს ლიონელ მესის კლუბში დასაბრუნებლად. ზაფხულში არგენტინელს კონტრაქტი ეწურება „პარი სენ-ჟერმენთან“. ცნობილია, რომ მესის ასტრონომიული შეთავაზება აქვს საუდის არაბეთიდან, მაგრამ ფეხბურთელი კარიერის გაგრძელების ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს.

ფინანსური სირთულეების გამო „ბარსელონას“ ჯერჯერობით არ აქვს მესის გაფორმების შესაძლებლობა, მაგრამ გაზეთ L’Equipe-ის ინფორმაციით, კატალონური გრანდი მოლაპარაკებებს აწარმოებს MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამისთან“, რათა მასთან დადოს გარიგება, რომელიც სამივე მხარეს დააკმაყოფილებს.

გარიგების სქემა ასეთია: „ინტერ მაიამი“ გაიფორმებს მესის და მას იჯარით მისცემს „ბარსელონას“. სავარაუდოდ, ეს 2024 წლის ზამთარში მოხდება. ამის წყალობით, მესი გააგრძელებს უმაღლეს საკლუბო დონეზე თამაშს, რათა ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს 2024 წლის კოპა ამერიკას. ამის შემდეგ ის „ბარსელონას“ გამოეთხოვება, ევროპას დატოვებს და კარიერას მაიამიში დაასრულებს, სადაც უკვე ფლობს უძრავ ქონებას.