„ბარსელონამ“, „იუვენტუსმა“ და „რეალმა“ საგანგებო მიმართვა გაავრცელეს #1TVSPORT
„ბარსელონამ“, „იუვენტუსმა“ და „რეალმა“ საგანგებო მიმართვა გაავრცელეს #1TVSPORT

„ბარსელონამ“, „იუვენტუსმა“ და „რეალმა“ საკუთარ ვებგვერდებზე საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელიც სუპერლიგასთან დაკავშირებით უეფა-ს ვერდიქტის პასუხია. 

გავრცელებულ მიმართვაში სუპერლიგის დამფუძნებელი სამივე კლუბი აცხადებს, რომ მათზე დიდი ზეწოლა ხორციელდება. ვრცელ ტექსტში გამოყოფილია რამდენიმე ძირითადი საკითხი:

1) უეფა-ს, ფიფა-სა და მესამე პირებისგან სასტიკი წნეხი.

2) განმარტებულია, რომ სუპერლიგის შექმნის იდეა განპირობებული იყო მსოფლიო ფეხბურთში რთული, არაპროგნოზირებადი სიტუაციით და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, ტურნირი კი ფიფა-სა და უეფა-ს თანხმობით უნდა ჩატარებულიყო.

3) სუპერლიგას სიხარული უნდა მოეტანა გულშემატკივრებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დახმარებოდა ფეხბურთის განვითარებას.

4) სუპერლიგის პროექტის მონაწილე კლუბების ნაწილმა არათანმიმდევრული პოზიცია გამოიჩინა, „იუვენტუსი“, „რეალი“ და „ბარსელონა “ კი განაგრძობენ მსოფლიო ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანის გზების ძიებას.

„ჩვენ გვსურს, ვიხილოთ თავაზიანი დებატები, სრულიად დაუშვებელი ზეწოლის გარეშე და კანონის უზენაესობის გათვალიწინებით, რაც ჩვენი დიდ საფეხბურთო ოჯახისთვის შესაფერისი გადაწყვეტილება იქნება“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, უეფა-ს ვერდიქტით, იმ ცხრა კლუბს, რომელმაც სუპერლიგის დატოვება გადაწყვიტა შედარებით მსუბუქი სასჯელი ელოდება და ჯარიმის სახით 15 მილიონ ევროს გადაიხდის. გაღებული თანხა მსოფლიო ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება.